სესილია თაყაიშვილი
სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი (დ. 17 სექტემბერი, 1906, ბათუმი ― გ. 21 მაისი, 1984, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1950), სსრკ სახალხო არტისტი (1966). ბიოგრაფია 1926 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია თბილისში და იმავე წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. თაყაიშვილი ქართული თეატრის რეალისტური სამსახიობო ხელოვნების ბრწყინვალე წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული სამსახიობო ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი „ნინოშვილის გურია“), გვირისტინე (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიუზონი (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), კატარინა (შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ელისაბედ დედოფალი (შილერის „მარია სტიუარტი“) და სხვა. თაყაიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში. 1948 წლიდან მოღვაწეობს კინოში. შეასრულა მანანას („ჭირვეული მეზობლები“, 1949), ვასასის („ჩვენი ეზო“, 1956), ელპიტეს („საბუდარელი ჭაბუკი“, 1956), ოლღას („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, 1962), ბორდოხანის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), მარადიას („ნატვრის ხე“, 1977), ასინეთას („დათა თუთაშხია“) და სხვა როლები. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
- ಜನಪ್ರಿಯತೆ : 1.335
- ಹೆಸರುವಾಸಿಯಾಗಿದೆ : Acting
- ಜನ್ಮದಿನ : 1906-09-30
- ಹುಟ್ಟಿದ ಸ್ಥಳ : Batumi, Batumi Oblast, Kutaisi Governorate, Russian Empire [now Autonomous Republic of Adjara, Republic of Georgia]